ჩვენ გვექნება აქტიური შეხება სამოქალაქო ჯგუფებთან, არ ვაპირებთ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებით შემოვიფარგლოთ-ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი, - ასე უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის ერთობას. 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გიგა ბოკერია იკავებდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს, ნიკა გვარამია გენპროკურორის, გიორგი ვაშაძე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიგი წერეთელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ელენე ხოშტარია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ჯაფარიძე კი "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი.

მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ახალს ვერაფერს სთავაზობს და ახალი ალიანსიც მათთვის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა". ერთობას არ შეუერთდა "ლელო" და გახარიას გუნდი.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებით შემოიფარგლოს.

" [გაერთიანდება] "თავისუფალი მოედნის" წარმომადგენლები და ბევრი სხვა ადამიანი... ჩვენ გვექნება აქტიური შეხება სამოქალაქო ჯგუფებთან, არ ვაპირებთ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებით შემოვიფარგლოთ. ენმ-ს აქვს შექმნილი მთელი სპექტრი, ვინც არის პროტესტში ჩართული, სწორედ ის ხალხი გაერთიანდა," - აცხადებს ფავლენიშვილი.