ირაკლი ხელაძე გორის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან მსგავსი საქციელი. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ ეს ადამიანები ეძებენ გვამებში, არეულობასა და უბედურებაში სარგებელს

ირაკლი ხელაძე

ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაგირება სახელმწიფოსი, რაც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მომავალში არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები ან შემცირდეს მისი რაოდენობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გორის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრისას.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა თანამდებობის პირია კანონდამრღვევი, კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. ირაკლი ხელაძის განცხადებით, სასაცილოა ის „ყიჟინა“, რომელიც რადიკალებს აქვთ ატეხილი, თითქოს სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის სიმბოლოა, მორალური უფლება არ აქვს ისაუბროს სისტემურ დანაშაულზე.

„რაც შეეხება იმ უსუსურ მცდელობას და იმ ყიჟინას, რასაც ვუყურებთ, თან ვინ არის ავტორი ხომ გააჩნია?! შეიძლება ადამიანს მორალური უფლება ჰქონდეს, რომ მიგითითოს, შენიშვნა მოგცეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ორკესტრირებულ შეტევას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იყო სისტემური დანაშაული. აქ სისტემურობაზე საუბარი არ არის, ეს არის ცალკეული შემთხვევა, ძალიან მძიმე სანახავი და მძიმე ფაქტი, რომელსაც მოჰყვა დაუყოვნებლივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ფაქტი იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის, არის წარუმატებლობისთვის განწირული.

არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან მსგავსი საქციელი. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ ეს ადამიანები ეძებენ გვამებში სარგებელს, არეულობაში სარგებელს, უბედურებაში სარგებელს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.