1747168660
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დავით კვინიკაძე დაინიშნა, - ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„დავით კვინიკაძე პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. ასევე, არის ბუდაპეშტის ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.
დავით კვინიკაძეს აქვს საჯარო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან დღემდე იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მუნიციპალურ სამსახურში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების, საფინანსო სამმართველოს უფროსის თანამდებობას.
მას ასევე, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის გამოცდილება, მუშაობდა მენეჯერის პოზიციაზე ბრიტანეთის ტელეკომში (ბუდაპეშტი/უნგრეთის წარმომადგენლობა).
დავით კვინიკაძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე თევდორაძე შეცვალა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.