ინაუგურაცია ვერ იქნება... მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

„იმისთვის, რომ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და ასევე, პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის პოლიტიკურ ნაწილს - ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, შესაბამისად, ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად!

„იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს!

ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით.

ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს;

მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.