წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766603738
პარლამენტი ქვეყანაში არსებულ ქსელურ მაღაზიებში საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების შესწავლას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანო სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს კონკურენციის სააგენტოც. იმ შემთხვევაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლინდება, გამოძიება სამართალდამცველ ორგანოებშიც გადაინაცვლებს.
საკითხთან კომპლექსური მიდგომის მიზნად ფასებზე სავარაუდო კარტელური გარიგებების გამოვლენა და პრობლემის მოგვარება სახელდება. "რითეილ ჯგუფმა", რომელშიც ბაზარზე მოქმედი ბიზნესი შედის, პრემიერთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეხება ისეთ საჭირბოროტო თემას, როგორიცაა ქსელური სუპერმარკეტების ფასები, რომელიც აღემატება საშუალოსტატისტიკურ ევროპულ ფასებს, რაც, ბუნებრივია, აწვება ჩვენს საზოგადოებას, მის გადახდისუნარიანობას. საინტერესო წიაღსვლები ჰქონდა პრემიერ-მინისტრს - აქ, შესაძლოა, იყოს სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების სფეროც. ყოველ შემთხვევაში, იმ ფაქტზე, რომ შესაძლებელია ფასების რეგულირება და ეს ფასები არ უნდა იყოს ასეთი მასშტაბით დიდი, ამის შესახებ მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.