გურამ მაჭარაშვილი: ნათქვამია, პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო, კუპრაძე მიხვდა, არჩევნებს აგებს და დეზინფორმაციას მიჰყო ხელი, თურმე მისი პარტიის წარმომადგენლები კანდიდატურებს მუქარის გამო ხსნიან

მაჭარაშვილი

ნათქვამია, პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო. კუპრაძე მიხვდა, არჩევნებს სასტიკად აგებს და ახლა დეზინფორმაციას მიჰყო ხელი, თურმე მისი პარტიის წარმომადგებლები კანდიდატურებს იმიტომ ხსნიან, რომ აშანტაჟებენ, ემუქრებიან, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „კოალიცია „ძლიერი საქართველო ლელოს“ წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა“.

„კანდიდატურას თუ ხსნიან, როგორც ჩანს, მიხვდნენ, სად არის სიმართლე და რეალობა, ესენი რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან. დღევანდელ საქართველოში, პოლიციაში, არარსებულ ფაქტებზე შერბიან და გარბიან და ვინმე ვინმეს ემუქრება და არ ამბობს? მტკიცებულებებზე აღარ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ვინმე ვინმეს თუ ემუქრება, რეაგირების ქვეშ იქნება, მაგრამ როგორც წესი, თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.