Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სკოლა „ახალი თაობის“ ახალი კამპუსების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
მარიამ ლაშხმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი კამპუსების გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„პირველი რიგში, მინდა მოგილოცოთ ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლის დაწყება. ზოგადად, ბავშვები სკოლაში არამარტო განათლებას, არამედ იმ ძირითად უნარ-ჩვევებსაც იძენენ, რაც შემდგომ მათ თავისუფალ მოქალაქედ ფორმირებაში ეხმარებათ და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას ასეთი საგანმანათლებლო სივრცე შეემატა, სადაც ჩვენი შვილების მომავალზე იზრუნებენ.
საქართველოს პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით მინდა ჩვენი მზადყოფნა დაგიდასტუროთ, რომ საკანონმდებლო კუთხით, თქვენი უკეთესი მომავლისთვის და განათლებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
„ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებით და მჯერა, რომ დღევანდელი დღე თითოეული თქვენგანისთვის დასამახსოვრებელი იქნება. სკოლის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წელი ამ სივრცეში დაიწყოს.
განათლების მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა. გასულ წელს, პარლამენტმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი მიიღო, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაეფუძნა. გეგმა, რომლითაც თითოეული მოსწავლის აღზრდა და სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში უნდა ხორციელდებოდეს. კიდევ ბევრი რეფორმაა დაგეგმილი იმისთვის, რომ ყველა აუცილებელი სტანდარტი საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო დახვეწილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სკოლის კამპუსების საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, რობოტექნიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და მოედნები დაათვალიერეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.