1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. აგენტების კანონპროექტის თანაავტორი დიმიტრი ხუნდაძე გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ხუნდაძე აცხადებს, რომ მოქალაქეები პროტესტს კანონპროექტის წაუკითხავად გამოთქვამენ და აღნიშნულ კანონში არადასავლური არაფერია.
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“
მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.
ის რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.
რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური?
მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.
აქციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდეს დაშლისკენ. აქციის დასაშლელად თავდაპირველად გამოიყენეს ცრემლსადენი სპრეი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილთა ნაწილი ქვებსა და სხვადასხვა საგანს ისროდა. სამართალდამცველებმა მათ მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციაზე მივიდა სახალხო დამცველი, რომელსაც აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები. შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. რუსთაველის გამზირზე რჩებიან სამართალდამცველები.