"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის - საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეიდან იწყებს

პარლამენტის ფოიე

 "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის. საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეიდან იწყებს.

ცვლილება საელჩოებს, საკონსულოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება. პროექტის მიხედვით, გრანტად აღარ ჩაითვლება ის თანხები, რომლებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს ან უშუალოდ დიპლომატიური მისიის საქმიანობას მოხმარდება.

მმართველი გუნდის განმარტებით, კანონის მოქმედი რედაქცია ამ ტიპის ურთიერთობებზე ისედაც არ ვრცელდება, თუმცა დაზუსტება მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა. საკითხს სესიაზე 17 აპრილს გაიტანენ.

"დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად არ უწევთ და არც მომავალში არ მოუწევთ საქართველოს მთავრობასთან საკუთარი სახელმწიფოებისგან მიღებული თანხების შეთანხმება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მავანს არ გასჩენოდა შესაძლებლობა "ფეიკები" გაევრცელებინათ, თითქოს საქართველოს მთავრობა ხელს უშლის დიპლომატიურ კორპუსს თავის საქმიანობის განხორციელებაში," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.