გიორგი სიორიძე: ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად შემადგენლობების მიმართ ნდობისა, დავდივართ სასამართლოებში და ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას

გიორგი სიორიძე

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.

სიორიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ბრალდებები, თითქოს ოპოზიცია ძირს უთხრის კონსტიტუციურ წყობილებას, აბსურდულია. მისი თქმით, მათი პარტიის მიერ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმის გამოყენება სწორედ კონსტიტუციისადმი ერთგულებასა და ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მცდელობას ადასტურებს.

"ჩვენ გვედავებიან, რომ არ ვაღიარებთ და ძირს ვუთხრით კონსტიტუციურ წყობილებას. სწორედ ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად პერსონალური შემადგენლობების მიმართ ნდობისა, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს საქართველოს პარლამენტს, არსებობს კანონები, წესები, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დავდივართ სასამართლოებში, ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას, სწორედ იმიტომ, რომ ვართ კონსტიტუციის ერთგულები და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელიც თავად გავიდა კონსტიტუციური სივრცის მიღმა, რომელმაც თავად დააყენა საკუთარი თავი კონსტიტუციაზე მაღლა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო არის თვითონ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვცდილობთ ამ ქვეყნის სწორადაც რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას.

2024 წლის არჩევნების მერეც, მიუხედავად იმისა, როგორი იყო მანიპულაციის მასშტაბი და როგორადაც მივიჩნიეთ და გამოვაცხადეთ ის ჩვენ, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ეტაპი საარჩევნო კომისიებში შედეგების გასაჩივრების, საერთო სასამართლოებში დავის, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის. მას შემდეგაც ვიყენებთ და ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის დრაკონული კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არის მიკერძოებული ადმინისტრაცია და ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ექვემდებარება ერთ მკაცრ პოლიტიკურ ვერტიკალს, რომლის სათავეშიც დგას ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და მისი შემსრულებელი ნაზირ-ვეზირები "ქართული ოცნების" სახით, მთავრობაში თუ პარლამენტში, შესაბამისად, სწორედ ამიტომაც, ვართ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში და ამიტომაც გვინდა, რომ დავანახოთ არა მხოლოდ ამ სასამართლოს შემადგენლობას, არამედ, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც ცდილობს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალების აღსრულებას პარტიების და ოპოზიციის აკრძალვით," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.

8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.

✕