გიორგი გაბუნია: ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, მითითება, რომ ამერიკასთან, ჩინეთთან არ ითანამშრომლოს, საბჭოური მიდგომაა

გიორგი გაბუნია

ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა, მარტა კოსი იმ ქვეყნებს პირდაპირ მიუთითებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ დაიჭირონ, ეს ნათელი დასტურია არაჯანსაღი დამოკიდებულების და ორმაგი სტანდარტის, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ქვეყნების მიმართ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით,  ერთი მხრივ, თავად ცდილობენ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და მეორე მხრივ, სხვა ქვეყნებს მიუთითებენ, რა უნდა იყოს მათი საგარეო პრიორიტეტი, ვისთან ითანამშრომლონ და ვისთან – არა.

„ეს ნათელი დასტურია ორმაგი სტანდარტის და იმ დამოკიდებულების, რომელიც ევრობიუროკრატიას ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ აქვს. მართა კოსი სავარაუდოდ ბალკანეთის ქვეყნებს, ალბანეთს, სერბეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას გულისხმობდა, მაგრამ ვისაც არ უნდა გულისხმობდეს, ფაქტია, რომ ევრობიუროკრატია პოლიტიკამ ევროკავშირში ჩიხში შეიყვანა. რა თქმა უნდა, ეს განცხადება განხილული უნდა იყოს, როგორც პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების საქმიანობაში. ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა. ქვეყნებისთვის პირდაპირი მითითება, რომ ამერიკასთან, ჩინეთთან არ ითანამშრომლოს, საბჭოური მიდგომაა. მარტა კოსის განცხადება საბჭოური პოლიტბიუროს განცხადებას ჰგავდა“, – განაცხადა გაბუნიამ.