ქმარმა ცოლი მოკლა - რა დეტალებია ცნობილი დმანისში მომხდარ დანაშაულზე
1769513817
ძნელია პროგნოზის გაკეთება, რა ამოცანები განუსაზღვრეს და რა დავალებები მისცეს უკრაინის ახალ ელჩს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, იმედი აქვს, რომ დავალება, რომელიც ახალ ელჩს აქვს მიღებული, ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ურთიერთობები აღდგეს.
„ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი, როდესაც ზელენსკი რადიკალების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე გამოჩნდა, ხალხს მთავრობასთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა და ელჩი იმიტომ გაიწვია, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. უკრაინულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა დღემდე. ეს მათივე მიზეზითაა შექმნილი. შემდეგ თავად აღიარეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არავინ მისცა და იმიტომ ვერ თქვეს უარი ნატო-ში შესვლაზე. თავად თქვეს ისიც, რომ ომში ჩაგვრთეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება შესაძლებელი იყოო. უამრავი პრობლემა შეუქმნეს ევროპას, კავკასიას, რეგიონს და, რაც მთავარია, თავიანთ ხალხს, უკრაინულ ოჯახებს. იმედი გვაქვს, დავალება, რომელიც ახალ ელჩს აქვს მიღებული, ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობები აღდგეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ელჩი რისთვისაც გაიწვიეს, საკმაოდ სერიოზული, მტრული ნაბიჯი იყო, ამ მტრულ ნაბიჯს ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოეღოს და ხელისუფლებათა შორის ურთიერთობები ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდეს.
„ჩვენ მიერ სხვადასხვა ფორმატში უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა გამორჩეულია და ეს უნდა დაფასდეს. ამის მიუხედავად, დამოკიდებულება დღემდე რადიკალურად უარყოფითია. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არ ვილაპარაკოთ იმ ძალიან ცუდ მემკვიდრეობაზე, რომელიც დღემდე უკრაინასა და საქართველოს ოფიციალურ ურთიერთობებშია შექმნილი, უმძიმესი მდგომარეობაა. ალბათ უფრო მეტი განცხადება გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, რა ამოცანებით ჩამოდის ახალი ელჩი საქართველოში. რისთვისაც ელჩი გაიწვიეს, საკმაოდ სერიოზული, მტრული ნაბიჯი იყო და ამ მტრულ ნაბიჯს ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოეღოს და ხელისუფლებათა შორის ურთიერთობები ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდეს. ჩვენ ხალხთან ურთიერთობა არასდროს გაგვიწყვეტია და რამდენიც შეგვეძლო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, სერიოზული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ. უკრაინაში არც იციან, რომ აქ ბავშვები სწავლობენ და აქ მათ ბანაკები მოვუწყვეთ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდა. მეგობრები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ წარმოუდგენელი ხდება, ყოველდღიურად საქართველოს მოძულე განცხადებები კეთდება. რასაკვირველია, ძირითადად მთავრობას უტევენ, მაგრამ, რეალურად, შექმნილია ძალიან ცუდი სურათი. პროპაგანდისტული ველი მძიმეა და ტოქსიკურ მდგომარეობაში არიან საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, პროცესები ისე განვითარდება, რომ ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღვადგენთ“, – თქვა გია ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.