გია ვოლსკი: ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ 4 ოქტომბერს რაიმე უბედურება მოხდება

გია ვოლსკი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ 4 ოქტომბერის გეგმა სისხლიანია,  ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცუდი რეზოლუცია მიიღო, იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის. ორმაგი სტანდარტი გამოსჭვივის. 2007 წლიდან 2011 წლამდე, ევროსაბჭომ ისეთი რეზოლუციები მიიღო, რომელიც სადისტური რეჟიმის მხარდამჭერი იყო. ერთი რეზოლუცია იყო, როცა ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს და ზუსტად ეს გააკეთეს. საქართველოს თაობაზე სხვა რეზოლუცია არ ყოფილა. ორი რეზოლუცია მიიღეს და ერთი იმდენად უსინდისო ფორმულირებებია, რომ ამ ორგანიზაციაში ჩვენმა დელეგაციამ საქმიანობა შეწყვიტა. ეს მეორე რეზოლუციაა, როცა არცერთ მხარეს არაფერს ეკითხებიან და სიმართლისგან დაცლილ დოკუმენტს იღებენ. ეს რეზოლუცია პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას უკავშირდება. „ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია. ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 2 ოქტომბერს საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელსაც 77 დელეგატიდან 68-მ დაუჭირა მხარი.