გარკვეული ძალები უცხოეთიდან ცდილობენ ისე მომართონ სიტუაცია, რომ ქართველი ხალხის სურვილი იყოს იგნორირებული, თუმცა მათ არ იციან ქართველი ადამიანის გულისცემა - მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, "ღამის კურიერის" ეთერში, გამოეხმაურა ოპოზიციის ახალ სლოგანს - "საქართველო უკეთესს იმსახურებს," რომელიც ოპოზიციურ ერთობაში ახალი განხეთქილების საბაბადაც იქცა.

მათიკაშვილის შეფასებით, ოპონენტებს იმ კუთხით ეთანხმება, რომ ქვეყანას ნამდვილად უნდა ჰყავდეს უკეთესი ოპოზიცია, თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია, რომ აღნიშნული სლოგანიც უცხოელი კონსულტანტების მიერ იყოს მოფიქრებული.

მარიკაშვილის თქმითვე, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმები ფიასკოთი დასრულდება.

"მეც შემიძლია დავეთანხმო, ასეთი ოპოზიცია ნამდვილად არ უნდა ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. თუმცა აქაც ჩანს, რომ ეს სლოგანიც არ არის ამათი მოფიქრებული. შესაძლოა, ამ სლოგანის მოფიქრებაშიც კონკრეტული უცხოელი კონსულტანტის ხელი ურევია. გარკვეული ძალები უცხოეთიდან ცდილობენ რაღაცნაირად ისე მომართონ სიტუაცია საქართველოში, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი იყოს იგნორირებული და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. რაღაც გარკვეულ მეთოდებს იყენებენ, თუმცა მათ ქართული პოლიტიკის მაჯაზე ხელი არ უკიდიათ და მათ არ იციან ქართველი ადამიანის გულისცემა. ვერ განცალკევდებიან ეს ადამიანები "კოლექტიური ნაცმოძრაობიდან," იმიტომ, რომ იდეოლოგიურად, საქმით და ცხოვრების პოლიტიკური წესით ადასტურებენ იმას, რომ არიან "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წევრები. ის მზაკვრული გეგმა, რომ ახლა არჩევნებზე გადავიპაროთ პატარ-პატარა ჯგუფებად და შემდეგ შევქმნათ ისევ ერთიანი, ძლიერი "ნაციონალური მოძრაობა," ეს მაშინაც ჩაუვარდათ და საზოგადოებამ ამაზე ძალიან მკაფიო განაჩენი გამოუტანა და ახლაც ვიქნებით იმის მომსწრე, რომ მათი გეგმები ფიასკოთი დასრულდება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ ოპოზიციამ ერთობის დასამტკიცებლად გამართა, მათ შორის ახალი განხეთქილებისა და დაპირისპირების საფუძველი რამდენიმე საათშივე გახდა. ოპოზიციის ახალი კამპანია ოპოზიციაშივე დაიწუნეს. "საქართველო იმსახურებს უკეთესს" - ეს სლოგანი იყო ერთადერთი, რის ირგვლივაც ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს ნამდვილად გაერთიანდნენ და სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ცინიკური პოსტები მიუძღვნეს.