ფოტორეპორტაჟი ლენტეხიდან, სადაც მჟავე წყლების განახლებული ტერიტორია პრემიერმა დაათვალიერა

ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლენტეხში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები. 

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი, ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა. მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის მეთაურმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მიმდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა.

ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში განხორციელდა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.