ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს საერთო დღის წესრიგი აქვთ.

„ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებით. ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, გუშინ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში. მან სთხოვა ევროკავშირს, რომ საქართველოსთან კონსტრუქციული პროცესი დაიწყოს.