ფაქტების გარეშე საუბარი არის ცუდი პრაქტიკა - ჰერმან საბო პოდოლიაკის განცხადებაზე

ჰერმან საბო

ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს სანქციები მას შემდეგ უნდა დაეკისროს, რაც ფაქტებით დამტკიცდება, რომ ის არის ხელშემწყობი, რუსეთმა თავი აარიდოს სანქციებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ მიხაილო პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჰერმან საბოს შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ფუჭდება იმით, რომ კონკრეტული ადამიანები რაღაც ბრალდებებს აყენებენ.

„პოდოლიაკს ვეთახმები, რომ რუსულ-უკრაინული ომისას, განსაკუთრებით დასაწყისში, ქართული ხელისუფლება ნელ-თბილ პოზიციას იკავებდა, რაც პირდაპირ შეიძლება ითარგმნოს და აღქმული იქნას, სულ მცირე, როგორც რუსეთის არგაღიზიანების ან მაქსიმუმ ისეთ განცხადებებად, რომლის უკანაც იგულისხმება, რომ საბოლოოდ რუსეთი მოიგებს ამ კონფლიქტს. ამიტომ, სჯობს, დავიკავოთ ისეთი პოზიცია, რომ რუსეთს, ასე ვთქვათ, შემდეგ სამიზნედ საქართველო არ ჰქონდეს. თუმცა, მეორე ნაწილში, სადაც პოდოლიაკმა თქვა, რომ ივანიშვილს აქვს კავშირები და პირდაპირ იკვეთება სანქციების ავლის გზად საქართველო, ამ ნაწილში მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდებოდი ივანიშვილის დასანქცირებას, რაც ასეთი ფაქტები დაიდებოდა, ვინაიდან ფაქტების გარეშე საუბარი არის ცუდი პრაქტიკა. გამოდის, რომ ადამიანები ერთმანეთს რაღაცებს აბრალებენ და შემდეგ ეს გამოიწვევს, მათ შორის ქვეყნების ურთიერთობების გაფუჭებასაც. ამიტომ, მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაეკისროს სანქციები და შეზღუდვები ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს, პარტიას, ქვეყანას, თუ ასე შემდეგ, რაც ფაქტებით დამტკიცდება, რომ ეს აქტორი, თუ ქვეყანა არის ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთმა თავი აარიდოს სანქციებს მისი მეშვეობით“, – განაცხადა საბომ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი კვალავ საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს. მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან ომს აუცილებლად მოიგებს.