ევროკომისრის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო და ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე კონცენტრირდეს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო და ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე კონცენტრირდეს.

როგორც მან ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოლივერ ვარჰეი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს წინსვლის გულშემატკივარია.

"ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს, ეს ვუთხარი კიდეც კომისარს, რომ ფაქტობრივად, პროცესის შუაგულში ჩამოვიდა საქართველოში. მასთან შეხვედრის შემდეგ ყველა ვბრუნდებით დარბაზში და განვიხილავთ კანონპროექტებს, რომელიც სწორედ ამ 12 პუნქტს ეხება. მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნისა და კინკლაობის დრო, დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულება ცნობილია, ის არის ჩვენი წინსვლის გულშემატკივარი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, მას მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომ წინსვლის დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს. მოვახსენეთ, სად ვდგავართ დღეს კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ, ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია ჩვენ მხარეს გადმოსროლილ ბურთს რაც შეიძლება მალე ვუპასუხოთ და ევროკავშირს მივაწოდოთ უკან იმისთვის, რომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკურ კონტექსტშიც, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი ნაწილის იმისთვის, რომ ენერგომატარებლების ალტერნატიული გზები და მიწოდება მოხდეს ევროკავშირისთვის. ეს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისთვის აქვს, რაც დამატებით როლს ანიჭებს საქართველოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.