ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა - ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი

დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

„ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, განვითარებას ვხედავ - ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. საქართველოში პროგრესი არსებობს, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. ეს პირველად მოხდა ამ რანგში - არამხოლოდ სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და საქართველოში ჩამოვედი არა იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამხოლოდ მთავრობისთვის, მთელი პოლიტიკური ელიტისთვის. დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 რეკომენდაციის შესრულება და ამ მიმართულებით საჭიროა კარგი ისტორიის ჩვენება. მიხარია, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.