ეს ყველაფერი იყო კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაზე

ემზარ კვიციანი

უკვე 4 საათია, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, 2003-12 წლებში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები და საპატიმროებში არსებული პირობები. დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ემზარ კვიციანს და სოფელ თიღვას ყოფილ გამგებელს, გიორგი კაპანაძეს. დაისვა შეკითხვებიც.

"ეს ყველაფერი იყო კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - ასე შეაფასა საგამოძიებო კომისიაზე გამოძახებულმა ემზარ კვიციანმა კოდორი ხეობის ოკუპაციის მოვლენები.

"2006 წელს, მიდის ჭორები, რომ ოქრუაშვილს ორფოლოს პოლიგონზე ჰყავს გადაყვანილი მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე. ყველა მაგას მეუბნება, რომ კოდორში აპირებენ წასვლას. მე ვუთხარი, რა უნდათ კოდორში?.. ის იძახის, რომ ახალ წელს ცხინვალში უნდა ვიყოო. ასე ვერ დაქსაქსავს ჯარებს-თქო, ვერ ვიჯერებდი. ეჭვი კი არ გამიჩნდა, ხალხი მეუბნება, რომ "გვაქვს ინფორმაცია, რომ კოდორში აპირებენ შემოსვლას". მე ვერ ვიჯერებდი, რადგან განცხადებებს აკეთებდა ცხინვალზე.

მას ჩემ წინააღმდეგ ასეთი მანევრი გამოუვიდა, დავიჯერე, რომ ცხინვალში აპირებდა წასვლას და არა კოდორში. მაგრამ, რაც უფრო ახლოს მივიდა დრო ივლისთან, ეს ყველაფერი უფრო და უფრო დამაჯერებლად ჟღერდა.

შევედი პატრიარქთან, პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: "ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია". სიტყვასიტყვით.

ეს ყველაფერი იყო კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ, საჯარისო ფორმირებები ამის კურსში აბსოლუტურად არ იქნებოდნენ. არ მგონია, რომ გოგავასაც რაიმე სცოდნოდა ამის შესახებ, არ მგონია რომელიმე სარდალს რამე სცოდნოდა, რადგან ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. 2006 წლის 13 ივნისს, სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი. ზღვაში რომ გავიდნენ და იქ 2 საათი იყვნენ. იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.