1744879827
ეს მესიჯი და გზავნილი ღიად და საჯაროდ უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ უცხოური ძალა საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს - დავით მათიკაშვილი

9 აპრილის ტრაგედიას ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პროვოკაციებისთვის იყენებენ - ასეთია შეფასება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ დაღუპულთა ხსოვნა და ქვეყნისთვის ეს ტრაგიკული თარიღი დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად აქციონ.
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმაც. "9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხოური ძალა საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს.
"ეს არის ნათელი მაგალითი უცხოური ძალის, აგენტურის მართვის და მცდელობის, რომ ამ ღირსებით და ტრაგიზმით სავსე დღეს, რომელიც კიდევ ერთხეულ უნდა იყოს ერთიანობის სიმბოლო, მოაწყონ პროვოკაცია საკუთარი ვიწრო პარტიული ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული მიზნების განსახორციელებლად და ხაზი გვინდა გავუსვათ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, როგორც 36 წლის წინ ქართველი ხალხი დადგა მტკიცედ მიუხედავად იმ უხეში აგრესიისა, იმ დანაშაულისა, რაც ჩაიდინეს ჩვენი ქართველების წინააღმდეგ 9 აპრილს და პირიქით, ამ ყველაფერმა ერის კონსოლიდაცია,გაერთიანება და შემდგომში უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვია, დღესაც ვერც ერთი უცხოური ძალა ვერ შეძლებს იმას, რომ ქართველთან მტკიცე ნაბიჯებით სვლა ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისკენ იყოს შერყეული. ამიტომაც, ეს მესიჯი და გზავნილი ღიად და საჯაროდ უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ უცხოური ძალა საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს 9 აპრილის მემორიალთან რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის წევრებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.