„ეს ის დროა, როდესაც პირადი ამბიციები გვერდით გადავდოთ“ - სოფო ჯაფარიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

სოფო ჯაფარიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ფლანგის წევრები ისევ ამბობენ, რომ დავით კეზერაშვილის ჩრდილოვანი მმართველობა მათთვის მიუღებელია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ონიანი არ მიიჩნევს, რომ საზოგადოებას დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა სურდეს.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს ან დათო კეზერაშვილს ან ვანო მერაბიშვილს, უბრალოდ შეუძლებელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ შემდეგი არჩევნების შედეგად იქნება კოალიციური ხელისუფლება და არა მგონია, რომ ვინმე ფიქრობდეს, რომ ამ ადამიანებს უკავშირებს ჩვენი ქვეყანა მის მომავალს და რაღაცნაირად, მათ შეიძლება ჰქონდეთ მთავარი როლი ამ ამბავში. პარტიის ახალ მენეჯმენტს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის პრობლემა, რომ გაერთიანების მაგივრად შლიან ამ პარტიას და ყველა მათი ნაბიჯი გადადგმული არჩევნების შემდეგ დღემდე, არის პარტიის დაშლისკენ ორიენტირებული," - გიორგი ონიანი.

ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამ ფაქტს კიდევ ერთხელ უარყოფენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სოფიო ჯაფარიძე ამბობს, რომ არაფორმალურ გავლენებს პარტიაში ვერ ხედავს.

"გარკვეული ამბიციები არსებობს ალბათ ყველა მხარეს, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც პირადი ამბიციები გვერდით გადავდოთ და ერთობა არის უალტერნატივო და პირადად მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან, ძალიან ბევრს ვიმუშავებ და დარწმუნებული ვარ, ამ ერთობას საბოლოოდ მივაღწევთ. არაფორმალური გავლენების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე არ ვარ რეალურად პარტიის მენეჯმენტში აქტიურად ჩართული. თუმცა, ახლა რასაც ვუყურებ, ამ ყველაფერს ვერ ვხედავ," - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.