„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1759176190
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის მეორე კვარტალის მიმდინარე საგადასახდელო ბალანსის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 272.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 748.4 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. 2025 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60 პროცენტით გაუმჯობესდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.0 პროცენტი შეადგინა.
“მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 10.9%-ით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 21.1%-ით, ხოლო იმპორტი 5.9%-ით გაიზარდა. ზრდას განაგრძობს მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2025 წლის II კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის II კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (3.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მეორე კვარტალში 222.6 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 2.4% შეადგინა. ასევე მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის II კვარტალში 440.9 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.8% შეადგინა.
2025 წლის II კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -578.6 მლნ აშშ დოლარი (-1.6 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 4.9%-ით შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 2025 წლის II კვარტალში 902.2 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 4%-ით გაიზარდა 857.1 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, II კვარტალში 506.3 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 5.5%-ია”, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.