ეკა სეფაშვილი განათლების რეფორმაზე: სკოლის კურსდამთავრებულებში გაძლიერდება კონკურენცია და უფრო კარგად მომზადებული ახალგაზრდები მოხვდებიან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სწავლა იქნება უფასო

ეკა სეფაშვილი

უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებთა რაოდენობის შემცირება, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის ეკა სეფაშვილის აზრით, კურსდამთავრებულებს შორის კონკურენციის გაზრდას გამოიწვევს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, კონკურენციის გაზრდა აბიტურიენტების მომზადების ხარისხზეც აისახება.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მომზადებული ახალგაზრდების სწავლებას მოახდენენ მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული სამეცნიერო კვლევებში.

„სახელმწიფო გეგმავს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებთა რაოდენობის შემცირებას. ვფიქრობ ერთი მხრივ სასიამოვნო ამბავი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს გამოიწვევს კონკურენციის გაძლიერებას სკოლის კურსდამთავრებულებში. კონკურენციის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ უფრო კარგად მომზადებული ახალგაზრდები მოხვდებიან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც მათთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ასეთი მკაცრი კონკურენციის პირობებში შერჩეული ახალგაზრდების სწავლებას მოახდენენ მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული სამეცნიერო კვლევებში და რომელთა ხელფასი შესაბამისი იქნება, იმ მოთხოვნების, რომელიც დღეს არსებობს ცხოვრების დონიდან გამომდინარე. ეს ის ხალხია, რომელიც ეწევა ძალიან ღირებულ მეცნიერულ შრომას და რომელთა ანაზღაურება აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისად მაღალი. იმიტომ, რომ ეს არის ის ინტელექტუალური საკუთრება და ინტელექტუალური შრომა, რომელიც შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული, თუ გვინდა მივიღოთ მაღალი ხარისხი სპეციალისტები, რომლებიც მოემსახურებიან საქართველოს კიდევ მეტად განვითარებას. მოგეხსენებათ, მოსახლეობით არც თუ ისე დიდი ქვეყანა ვართ და ჩვენი პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენციული უპირატესობა უნდა ეფუძნებოდეს ინოვაციების განვითარებას - მაღალტექნოლოგიურ, მეცნიერულ დარგებს. ეს კი, შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებისა და მაღალხარისხოვანი უმაღლესი განათლების პროგრამების გარეშე,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.