ძალიან კარგია გარედან დახმარება, უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხრიდან გვერდში ამოდგომა. მაგრამ თუ მაძლევ კრედიტს, მე ამით დაგეხმარეო ნუ მამადლი - მამუკა მდინარაძე საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე

მამუკა მდინარაძე

ძალიან კარგია გარედან დახმარება, უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხრიდან გვერდში ამოდგომა. მაგრამ თუ მაძლევ კრედიტს, მე ამით დაგეხმარეო ნუ მამადლი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოსთვის საფრანგეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე, საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით ფრანგი დიპლომატის განცხადება იგივეა, რომ ბანკმა გაცემულ კრედიტზე მოქალაქეს მორალური ვალდებულება დააკისროს.

„დიდი მადლობა ყველა ევროპელს თუ კი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაუბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია. კრედიტის სახეც აქვს და დახმარების სახეც აქვს. და საქართველო უკვე დგას იმ დონეზე, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს.

ძალიან კარგია გარედან დახმარება, უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხრიდან გვერდში ამოდგომა. მაგრამ თუ მაძლევ კრედიტს, მე ამით დაგეხმარე მამუნათებ და ნუ მამადლი. ახლა, რომ გამოვიდეს რომელიმე ბანკი და თქვას, რომ მე დაბალ პროცენტიანი კრედიტი მივეცი აი ამ ჟურნალისტს და ჩემს წინაშე ვალდებულებები აქვს. ვალდებულება გაქვს ფინანსური, მაგრამ მორალურ ვალდებულებებს ზემოდან ნუ დაამატებს კრედიტის გამცემი. მადლობას ჩვენ ვუხდით იმისთვის, რაც გააკეთეს, რაც არ გაუკეთებიათ იმაზე თითის ქნევით მადლობის უკან მისაღებად მე არ გამიგია. რაც გააკეთეს იმაზე გადავუხადოთ მადლობა.

სოფლის მეურნეობაში რა გგონიათ, რამდენი იხარჯება ყოველ წლიურად? მაქსიმუმი არის 10 მილიონი დოლარი. და სახელმწიფო იგივე პროექტებზე ხარჯავს 300-დან 400 მილიონამდე. როგორ უნდათ იცით, რომ 10 მილიონი დოლარი უფრო დიდად გამოჩნდეს, ვიდრე ასეულობით მილიონი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. იმ 10 მილიონისთვის მადლობა გადავუხადოთ, მაგრამ უნდა იცოდეს მოქალაქემ იგივე საქმეში იხარჯება საქართველოს მხრიდან, ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით ნურავინ წარმოაჩენს ისე, რომ საქართველო ხელგაწვდილი დგას.