ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.
ხუნდაძემ სიტყვის დასაწყისში მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ზეწოლაზე, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა, რათა საქართველოც, უკრაინის მსგავსად, ომში ჩართულიყო.
„გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა.
დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა, NGO სექტორსა და ოპოზიციასთან ერთად ცდილობდა, ესარგებლა ქართული საზოგადოების ემოციებით, რათა ხალხს ტაში დაეკრა საქართველოს ომში ჩაბმისათვის.
„ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ხალხის ძალას“ განსაკუთრებული განცდა აქვს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მინდა გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის ბოლოს აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ“. ნათელია, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია მშვიდობის გარეშე და დღეს შედარებით ადვილია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. ოთხი წლის წინ, ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას, საზოგადოება მოამარაგა სიმართლით და ყველამ ერთად გამოვიყვანეთ ჩვენი ქვეყანა ამ სარისკო ვითარებიდან. ალბათ გახსოვთ, რომ პოლიტიკა მთლიანად კულისებში ჩაიკეტა და საჯარო პოლიტიკა რეალობას ასცდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე იყო. ზეწოლა მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან, რომ საქართველოს დაკვეთილი პოლიტიკა გაეტარებინა. ეს კი მიგვიყვანდა იქამდე, რომ გავიზიარებდით ბედს, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინას ერგო. სანქციები, რა თქმა უნდა, გახლდათ გზა ომისკენ, დესტრუქციისა და საქართველოს სასიცოცხლო რისკების გაზრდისკენ. გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ. წარმოიდგინეთ სამეზობლო, ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ იარაღი გაგვეგზავნა, რა თქმა უნდა, ეს შედეგად მოიტანდა რუსეთის მხრიდან მყისიერ სამხედრო დარტყმას საქართველოზე. ამაში ჩართული იყო NGO სექტორი, მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს ომისკენ ექაჩებოდა და სურდა ბომბების ცვენის დანახვა საკუთარ სამშობლოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამშობლოს საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამენ, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ დაკვეთის შესრულებაა. ოპოზიციისგან ჩვენ გვესმოდა, „დიახ ომი გვინდა“ – ეს ნარატივი იყო მათი ძირითადი ხაზი. ამ საყოველთაო სიგიჟეში გვიწევდა ცხოვრება. ყოველდღიურად ვისმენდით ამას. მიტინგზეც, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციებზე დაიწყეს სპეკულირება და სცადეს, რომ თავად ახალგაზრდებს, ქართულ საზოგადოებას მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ჩვენს ხალხს ავნებდა. ალბათ, გახსოვთ, რიგრიგობით რომ ჩამოდიოდნენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი საგარეო პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლები და სარგებლობდნენ ქართველების ემოციებით. ახალგაზრდებს ტაშს აკვრევინებდნენ იმაზე, რომ საქართველო ომის გზას გაყოლოდა. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, მიზნად ჰქონდათ, ემოქმედათ ქართველი ხალხის ემოციებსა და ბედზე. ჩვენ შევძელით ამ სიგიჟიდან გამოსვლა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.