დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ე.წ. პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი

გაგლოევი

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება აღიარა და კონკურენტს, პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა.

გაგლოევმა კი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად „გამარჯვება“ აღნიშნა და თქვა, რომ „ინაუგურაციამდე“ „პრეზიდენტის მოვალეობას“ ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ „სამხედრო აღლუმსაც“ ის ჩაიბარებს.

დღეს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ე.წ ცესკოს პირველადი მონაცემებით, დათვლილია ოქმების 18% და „იმარჯვებს“ ალან გაგლოევი. მას ხმების 59,22% აქვს [3686 ხმა], ხოლო ბიბილოვს, მოქმედ „პრეზიდენტს“ - 37% [2274 ხმა]

გაგლოევის ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა

ალან გაგლოევი 1981 წელს ცხინვალში დაიბადა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განათლება ცხინვალის თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ფინანსები და კრედიტები, ასევე, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.  მოგვიანებით გაგლოევმა რუსეთში საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის კადრების მომზადების კვალიფიკაცია გაიარა.

ალან გაგლოევი ცხინვალში, ეკონომიკის სამინისტროში მცირე და საშუალო ბიზნესის და  ანტიმონიპოლიური განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოსტზე მუშაობდა. 2004 წლიდან კი ცხინვალში, უშიშროების სამსახურში [КГБ] დაიწყო მუშაობა, სადაც უკანასკნელ დრომდე მსხურობდა.

გაგლოევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა 2017 წელსაც სურდა, თუმცა ხმების 11%-ოთ მესამე ადგილზე გავიდა. გამარჯვებული კი, 58%-ით, ანატოლი ბიბილოვი გახდა. 

რუსეთი და საქართველო – გაგლოევის ხედვა

ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი და კანდიდატი სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მომავალს ალან გაგლოევიც რუსეთთან ხედავს. საქართველოს სახით კი – აგრესორს. შესაბამისად, გაგლოევის პრეზიდენტობის შემთხვევაშიც, ცხინვალის უცვლელ საგარეო პოლიტიკურ კურსს უნდა ველოდოთ.

„20 წლის განმავლობაში, 1989 წლიდან, საქართველო სამხრეთ ოსეთის შთანთქმას ცდილობდა, ჩვენი საუკეთესო შვილების განადგურების გზით . მაგრამ ჩვენმა ხალხმა გაუძლო, არ გატყდა. 2008 წელს კი, მოძმე რუსეთის დახმარებით, აგრესორისგან გავთავსუფლდით. რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და რესპუბლიკის აღსადგენად უზარმაზარი თანხები გამოყო. ამ მომენტიდან უნდა დაწყებულიყო ახალი ცხოვრება და ლამაზი მომავალი სამხრეთ ოსეთში. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“, - ეს არის ამონარიდი გაგლოევის წინაარჩევნო მიმართვიდან 2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც ის მონაწილეობდა.

2022 წელსაც აქტიურად საუბრობს გაგლოევი რუსეთისა და მისი ლიდერის მიმართ სიმპათიების შესახებ. ადგილობრივი მედიისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში ის რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიო პოლიტიკოსად ასახელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვის მიიჩნევს ყველაზე მისაბაძ მსოფლიო პოლიტიკოსად, გაგლოევი ამბობს:

„ტერმინი მიბაძვა სწორი არ იქნებოდა, თუმცა შეიძლება ვისაუბროთ პატივსაცემ, ძლიერ პოლიტიკოსზე. ეს, რასაკვირველია, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინია. თუკი წარსულზე ვისაუბრებთ, გოლდა მეიერი [ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969–1974)], რომელზეც ამბობენ, რომ მამაკაცებზე უფრო მამაცი იყო”.

არჩევნებამდე ადგილობრივი ექსპერტები და მოქალაქეები განიხილავდნენ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კრემლის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხინვალში, რომელსაც არ ამჟღავნებდა მოსკოვი. თუმცა ვერსიები ვერსიებად დარჩა. მით უმეტეს, ცხინვალში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ უკლებლივ ყველა კანდიდატი ისედაც რუსეთის მოკავშირე გახდება; ამომრჩეველი კი იმის მიხედვით გააკეთებს არჩევანს, ვინც შიდა საკითხებზე ბიბილოვზე უფრო ეფექტურად და პატიოსნად იმუშავებს.

რას ჰპირდება გაგლოევი მოსახლეობას

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გაგლოევი მოსახლეობას კონკურენტებისგან განსხვავებულს არაფერს ჰპირდება – სოციალური სამართლიანობა, სამუშაო ადგილების შექმნა და პროგრესული განვითარება ყველა სფეროში.