დავით სონღულაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტით. წარმოუდგენელია ის კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით

დავით სონღულაშვილი

ძალიან გასაკვირი არის პირველ რიგში, თუ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე არ გიხაროდეს ასეთი ინვესტიცია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი.

„ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მსოფლიოში სიდიდით - მესამე დეველოპერული კომპანია ახორციელებს. იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. იქმნება ახალი შესაძლებლობები, როგორც თბილისთან ახლოს, ასევე, აჭარის რეგიონში. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ეფექტი - ძალიან დიდი და ამ ყველაფერთან ერთად - ახალი რეკრეაციული სივრცეები. თანამედროვე, ევროპული ტიპის დასახლება. უბრალოდ, წარმოუდგენელია ის კომენტარები და კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.