დავით მათიკაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საქართველოს მტრებს არ მოსწონთ ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მის ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება. ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის

 დავით მათიკაშვილი

 უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ქმნის ეკონომიკური წინსვლისა და აღმშენებლობის დამატებით მნიშვნელოვან გარანტიებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არანაირი ორი არაბული დასახლება არ შენდება, არამედ ეს იქნება ევროპული ტიპის ქართული დასახლება, სადაც დასაქმდებიან ჩვენი საქართველოს მოქალაქეები.

„სწორედ ეს არ მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მტრებს, არ მოსწონთ ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მისი ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება. ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის, საზოგადოების მოტყუების. სინამდვილეში არანაირი ორი არაბული დასახლება არ შენდება ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება როგორც პრემიერმა განაცხადა, 2 ლამაზი ევროპული ტიპის ქართული დასახლება, სადაც დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები 20 000-ზე მეტი დროებითი და 8.000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილით. მილიარდობით ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.