თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლა არ უნდა გადაიხედოს, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს

თენგიზ შარმანაშვილი

საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლა არ უნდა გადაიხედოს, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ უსამართლობას და ძალადობას მიმართავენ, ამას ვერაფერს ვუზამთ“.

„რა არის ამის ალტერნატივა? დაფიქრდნენ, რას ფიქრობენ, „დიფ სთეითს“ რადიკალურ ოპოზიციაზე მზე და მთვარე ამოსდის? მათი სასარგებლო ნაბიჯები რომ გადაგვედგა, ქვეყნის მომავალი გვერდზე გადაგვედო, იმ პრემიებს, რომლებსაც იმათ ურიგებენ, ორი იმდენს ჩვენ დაგვირიგებენ, მაგრამ ამაზე არ წავედით. ვიცით, რომ შეიძლება ამის გამო პირადად დავზარალდეთ, მაგრამ ამ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, სტაბილურობა და მშვიდობა ასჯერ უფრო ფასეულია.

„დიფ სთეითის“ გამო ევროკავშირი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. გვთავაზობენ – უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე, სტაბილურობასა და მშვიდობაზე. ასევე ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა არ გავატაროთ და უსიტყვოდ, როგორც ორი თუ სამი დღის წინ რაღაც მესიჯი გამოაგზავნეს და ამ შენობის წინ უცვლელად წაიკითხეს, ასე უნდა იქცეოდეს საქართველოს ხელისუფლებაც. ეს არ გამოვა, რადგან საქართველოს და მის მომავალს კატასტროფას მოუტანს. 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის რეალური გაფართოება იგეგმება, საქართველო მოწინავე ქვეყანა იქნება და ყველა კანდიდატ ქვეყანას გაუსწრებს. თუ უსამართლოდ მოიქცევიან, უკვე მათი საქმეა და ჩვენ საქართველოს მომავალს ვიღაცების პოლიტიკურ ამოცანებს ვერ გადავაყოლებთ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ამოცანები გვაქვს, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და მშვიდობა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.