1771531835
დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც დამნაშავე ბაჩიაშვილმა აღიარა ყველა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი, დუმან ის ადამიანები, ვინც საქართველოს ასე უსამართლოდ სდებდნენ ბრალს პოლიტიკურ მიკერძოებაში, საინტერესოა, რას იტყვის გერმანიის ელჩი
დღეს, როდესაც დამნაშავე ბაჩიაშვილმა აღიარა ყველა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი, დუმან ის ადამიანები, ვინც საქართველოს ასე უსამართლოდ სდებდნენ ბრალს პოლიტიკურ მიკერძოებაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმის მიმართ გერმანიის ელჩისა და სხვა აქტორების დამოკიდებულების შეფასებისას.
„საინტერესოა, რას იტყვის გერმანიის ელჩი, თუმცა, მას რეალურად სათქმელი არაფერი აქვს. კარგი იქნება, თუ ქართულ სახელმწიფოს ეს ადამიანები და ეს ძალები ბოდიშს მოუხდიან”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორია გერმანიის ელჩის პოზიცია მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულები აღიარა? „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ცნობისათვის, პეტერ ფიშერი ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
პროკურატურის განცხადებით, გორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.












