დავით მათიკაშვილი: ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია.

მათიკაშვილის თქმით, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ, პრაქტიკულად, გახსნილია ის საზარელი მკვლელობა, რომელიც თბილისში მოხდა და მთელი საქართველო შეძრა. საბოლოოდ გაიშიფრა და ფარდა აეხადა ყველა იმ საზარელ პირს, ორგანიზატორი იქნება, თუ შემსრულებელი, ვინც ამ დანაშაულის უკან იყო. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ბოლომდეა მისული და ცნობილია მისი ვინაობა, ვინც დაგეგმა და საზარელი მკვლელობის ორგანიზატორი იყო. ნაწილი უკვე პასუხისგებაშია მიცემული, ნაწილს საქართველო დატოვებული აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება. გამოძიების ჭრილში საქმის ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.