დავით არახამია ევროპასა და ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად,  უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი დავით არახამია იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ითხოვდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ, ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კიდევ ერთი მთავარი ინფორმაცია მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში და ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია. პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები ისეთი, როგორიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას სანქცირებული ხელშეწყობაში. ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის მტრობა ქვეყნის. სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიოტობა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ყველაფერი არის ცხადი“, - განაცხადა პრემიერმა.