"დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპიც იმ ხაზს გააგრძელებს, რომელიც პირველი პრეზიდენტობის დროს იყო შავ ზღვაში - ჩინეთის მზარდი ინტერესების საწინააღმდეგოდ" - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

უსამართლო და გაუგებარი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იმედგაცრუებას გამოთქვამს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, ანაკლიის პორტის განვითარების უფლება ჩინურ კომპანიას გადასცეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.

სენატორი შაჰინი ამბობს, რომ საქართველომ პორტის განვითარების კონტრაქტი დასავლურ კომპანიებთან გაწყვიტა. პასუხად, სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხია. ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა, თუმცა არცერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი იმავე ხაზს გააგრძელებს, რაც პირველი პრეზიდენტობის დროს იყო, შავ ზღვაში ჩინეთის მზარდი ინტერესების საწინააღმდეგოს.

"პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, ასევე იგივე ხაზი იქნა გატარებული, რომ ჩინეთის ინტერესებიდან გამომდინარე და განსხვავებებიდან გამომდინარე, მათ შორის ღირებულებების კუთხით, საფრთხე იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთისთვის მიკუთვნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათ შორის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების კუთხით, არა მხოლოდ ეკონომიკურით. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპიც იმ ხაზს გააგრძელებს, რომელსაც პირველი პრეზიდენტობის დროს იყო შავ ზღვაში, ჩინეთის მზარდი ინტერესების საწინააღმდეგოდ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.