1698406900
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა "ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, განიმარტება ბუნებრივი წყალბადის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ცნებები. ფართოვდება/ზუსტდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გასაცემი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ცნებები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ცვლილება განხორციელდა პირველ მუხლში, სადაც ბუნებრივ წყალბადს დაემატა სიტყვები - 1000 კუბური მეტრი. ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და განიმარტა ე.წ. ათვისების გეგმა.
მომხსენებლის ინფორმაციით, პაკეტში შემავალ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მეორე მუხლში განხორციელდა ცვლილება, სადაც მოხდა ბუნებრივი წყალბადის ტერმინის ჩამატება.
სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს "საქართველოს საზღვაო კოდექსში" ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ერთიანდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომელიც გულისხმობს ისეთი კონკრეტული ტერმინოლოგიების დაზუსტებას, როგორც არის - ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, სერიოზული საზღვაო შემთხვევა, ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა და საზღვაო ინციდენტი.
მე-3 მუხლში განხორციელებული ცვლილება ეხება კანონის ამოქმედების ვადას, რომელიც 30 კალენდარული დღის ნაცვლად, განისაზღვრა კონკრეტული თარიღით - 1 აგვისტო.
სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.