დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ელჩი ფიშერი სრულად მოქმედებს ვენის კონვენციის ფარგლებში - გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს. უწყების სპიკერმა "ფორმულას" წერილობით კითხვას უპასუხა, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან პიტერ ფიშერის გაძევების მუქარასა და ვენის კონვენციის დარღვევას ეხებოდა.

სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის რესპუბლიკა პეტერ ფიშერს მხარს უჭერს და ის გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ უსამართლო დამოკიდებულებაზე, ასახელებენ კონკრეტულ ფაქტებს და იხსენებენ ელჩის ნაბიჯებს. მათივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, სირცხვილია, რომ გერმანიის ხელისუფლებას უწევს იმის დადასტურება, რომ ელჩი ფიშერი გამოხატავს გერმანიის ოფიციალურ ინტერესებს.

"დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ელჩი ფიშერი სრულად მოქმედებს, მათ შორის, ვენის კონვენციის ფარგლებში. სირცხვილია, რომ გერმანიის ხელისუფლებას უწევს იმის დადასტურება, რომ ელჩი ფიშერი გამოხატავს გერმანიის ოფიციალურ ინტერესებს. ეს "ქართული ოცნების" ხელწერაა დიპლომატებზე იერიში და პერსონიფიცირება, თითქოს ისინი არ გამოხატავენ რიგ შემთხვევებში მათ ქვეყნების პოზიციებს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.