ჩვენთვის მიუღებელი იყო, გადაწყვეტილება შევცვალეთ და აღარ გავსულვართ - ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის აქციაზე და შტურმის ინიციატივაზე

ირაკლი კუპრაძე

"ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე, "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და მიუღებელი იყო.

"დაანონსებული იყო აქცია. დაანონსებული იყო ხელისუფლება შეიცვლებაო. ეგრე იმდენჯერ აქვთ დაანონსებული, რომ ხელისუფლება შეიცვლება, ან რაღაც მოხდება, ეს პოლიტიკური რიტორიკაა, მაგრამ ის ნაბიჯები, რაც მათ გაახმოვანეს 6 თუ 7 საათზე, არსად არ იყო დაანონსებული. ერთადერთი მამუკა მდინარაძე იყო, რომელიც ამბობდა ეს ყველაფერი ვიცოდიო.

ეს კონკრეტული მოქმედება იყო ჩვენთვის მიუღებელი და, რა თქმა უნდა, პრობლემა ამან მოიტანა, მათ შორის, ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. მათ [4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს] აღიარებაც მოუწიათ ამ დანაშაულის. ამიტომაც, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. პირველივე წამებიდან, როგორც კი ეს გავიგეთ, ჩვენ გადაწყვეტილება შევცვალეთ და აქციაზე აღარ გავსულვართ. ეს იყო მართლა უმძიმესი შეცდომა, თავის მხრივ, დანაშაული იყო მსგავსი აქტივობის დაგეგმვა. მე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ვიყავი თქვენთან ეთერში, მაშინ ვამბობდი თქვენთან, რომ ამ განცხადების შემდეგ, ამ საპროტესტო აქციაზეც კი ნამყოფი არ ვიყავი და იცით რატომ? იმიტომ, რომ მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეს იყო უმძიმესი დარტყმა," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

✕