დააკავეს რეანიმატოლოგი, რომელსაც მორგში მყოფი პაციენტის მკვლელობაში ადანაშაულებენ

თემიდა

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რეანიმატოლოგს, რომელსაც ხანდაზმული პაციენტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, ექიმმა ქალი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადა და მისი ცხედრის მორგში გადაყვანა ბრძანა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პაციენტი ცოცხალი იყო.

ინფორმაცია რეგიონულმა საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა.

გამოძიების თანახმად, მორგის თანამშრომლებმა ქალზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და ამის შესახებ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას აცნობეს.

ამის შემდეგ განყოფილების ხელმძღვანელმა ბრალდებული ექიმი პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად გაგზავნა. თუმცა, გამომძიებლების მტკიცებით, ექიმმა ქალის გადარჩენის ნაცვლად, საკუთარი სამედიცინო შეცდომის დამალვა გადაწყვიტა.

„განყოფილების ხელმძღვანელმა ბრალდებული პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად გაგზავნა, თუმცა, დაშვებული შეცდომის დამალვის სურვილით, ექიმმა ქალს შეუყვანა პრეპარატი, რომელმაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ფიგურანტი დაკავებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული“, — ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

რეანიმატოლოგს ბრალი წაუყენეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მკვლელობაში. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა და ექიმს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

✕