„ჩვენი მყარი პოზიცია იყო და არის, რომ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ არავითარ ლეგიტიმაციას“ - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

როგორია ოპოზიციის გეგმა საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით - ბარიერგადალახული კოალიციების უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უარს აცხადებენ საკუთარი სადეპუტატო მანდატებზე.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 25 ნოემბერს არ მოხდეს არც ამ დანარჩენი, 89 არალეგიტიმურად არჩეული „ქართული ოცნების" დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაც“, - აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.

„ჩვენ გადავდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ამოცანისა და მიზნის შესასრულებლად იქნება აუცილებელი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. ჩვენ გამოვიყენეთ ეს სამართლებრივი გზა და გამოვიყენებთ, მათ შორის, სხვა სამართლებრივ გზასაც, რათა შედეგი დადგეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ოპოზიციური კოალიცია და პარტია ამას იზამს“, - აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ თენგიზ თევზაძე.

ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, სიებს ჩახსნიან და საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებას ლეგიტიმაციას ვერ გამოუცხადებენ.

„ჩვენი მყარი პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ არავითარ ლეგიტიმაციას, ამ არჩევნებს არ ვცნობთ როგორც არჩევნებს, რადგანაც საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენ არ ვანიჭებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას და არ განვიხილავთ მასში რაიმე ფორმით ჩართულობას და მუშაობას,“ - აცხადებს „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია.