რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.
შეთანხმების საფუძველზე, მოვალე და მისი ოჯახის წევრები ნებაყოფლობით დატოვებენ კრედიტორის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, კრედიტორმა მოვალე მხარეს მისცა 3-თვიანი ვადა, რათა მოახდინოს უძრავი ქონების გამოსყიდვა. თავის მხრივ, მოვალემ განაცხადა, რომ მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას და წარადგენს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა მიიღოს მისთვის გამოყოფილი ბინის ქირის თანხა.
აღსანიშნავია, რომ საქმე ბიუროში 2019 წლიდან მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, გამოსახლების პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო და კრედიტორის თანხმობით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ქალაქ რუსთავის მერიის მხრიდან გამოყენებული იყო ყველა სამართლებრივი და სოციალური მექანიზმი, რათა ოჯახი საცხოვრებლის გარეშე არ დარჩენილიყო და საქმე შეთანხმებით, მხარეთა უფლებებისა და სოციალური ინტერესების ბალანსის დაცვით გადაწყვეტილიყო.
თემის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ თემას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან ვითარების ხელოვნურად გამწვავების მიზნით.