პროკურორი: ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა

მარიამ ბერძენიშვილი

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა.

პროკურორის თქმით, გიორგი ლომიძისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რომელიც „ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“.

„ის ისაუბრებს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმ თანხებზე, რომლის დაუფლებაც თაღლითურად ხდებოდა. ამ ადამიანს უშუალო შეხება ჰქონდა ბრალდებულ ელისო კილაძესთან. მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რაც ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ჯამში, 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

✕