„-2, -3 გრადუსი ყინვა...“ - ოქტომბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

ოქტომბრის ამინდი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის თვეში - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება, რომელიც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.

სინოპტიკოსის განცხადებით, მთლიანობაში ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით თბილი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს შენარჩუნდება.

„თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდე გაიზარდოს. ღამის საათებში კი სანაპირო ზოლში ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსიც დაფიქსირდეს“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება.

„მთლიანი პროგნოზით, ძალიან წვიმიანი ოქტომბერი არ იქნება. კლიმატურად აღმოსავლეთ საქართველო უფრო მშრალია. ოქტომბრის დასაწყისშია უფრო მოსალოდნელი წვიმები“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ხათუნა ქოქოსაძემ.

✕