1727944755
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ავირჩიეთ მშვიდობა და ვთქვით, რომ შერიგება ერთადერთი უალტერნატივო მიდგომაა - მერაბ ქვარაია
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ავირჩიეთ მშვიდობა და ვთქვით, რომ შერიგება ერთადერთი უალტერნატივო მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაწვდილ ხელს, დღეს თუ არა ხვალ, მოძმე აუცილებლად შეაგებებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ.
მან ხელისუფლების მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობის დასამყარებლად შერიგებას და შენდობას სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„თუ უარს ამბობ მშვიდობაზე, შენ ირჩევ ომს, შენ არ გინდა შერიგება და ვერ დაასრულებ მტრობას. თუ შენ არ გინდა შენდობა და პატიება, არც შენ შეგინდობენ და გაპატიებენ. ეს ის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ოპოზიციას, ჩვენ ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ. მე არ ვიცი რა უნდა ოპოზიციას. შეიძლება ვინმეს ტანკების დაქოქვა მოწონს, ვიღაცას ომი, ძალადობა, აგრესია, ჩაგვრა და შურისძიება ენატრება, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი და სხვა გზა გვაქვს.
რადიკალები დღემდე ჯიუტად ვერ ამჩნევენ იმ დადებით და პოზიტიურ ტენდენციებს, რომლითაც ჩვენ წლების განმავლობაში მოვდივართ. ეს არის ეკონომიკური წინსვლა, შემცირებული სიღარიბე, ჯანდაცვაში, განათლებასა და სპორტში მიღწეული შედეგები. ისინი შეიძლება ამჩნევენ, მაგრამ არ უნდათ დააკავშირონ ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკასთან ჩვენი სპორტსმენების წარმატებები და ის, რომ ნელ-ნელა დამარცხებული ქვეყნის სინდრომიდან და ფსიქოლოგიიდან გადავდივართ გამარჯვებების, ჩემპიონების ფსიქოლოგიაზე. ეს ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ამ გზას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.