1785178622
ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი - მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო.
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, 2024 წელს ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რამაც ორ ქვეყანას შორის მგზავრთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
„საქართველოში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 130 000 შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კიდევ 16.7 პროცენტით გაიზარდა. 15 ივლისს შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი შანხაისა და თბილისს შორის.
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს მნიშვნელოვანი მიღწევები შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ორივე ქვეყანა ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ვთანამშრომლობთ განვითარებისათვის და ვრჩებით პარტნიორებად, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვები, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი - მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. განსაკუთრებით ძვირფასია ის გულწრფელი მეგობრობა, რომელიც თქვენგან ვიგრძენი. ეს მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას. ყოველთვის დავრჩები საქართველოს მეგობრად და კვლავაც გავაგრძელებ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის მხარდაჭერას“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.











