1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ჩემი რჩევა იქნებოდა ქართველებისთვის: განავითარეთ თქვენი ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას”, - ამბობს ედვარდ ლუტვაკი, ამერიკელი სამხედრო სტრატეგი, რომლის რჩევებში სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები წლების განმავლობაში სოლიდურ თანხებს იხდიან. რუსეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე მას პრეზიდენტი პუტინი პირად მოწვევებს უგზავნიდა. ბრიტანული „გარდიანი” ლუტვაკს „მერილენდის მაკიაველის” უწოდებს, და იხსენებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩევლის, ზბიგნევ ბჟეზინსკის შეფასებას: „როდესაც ედ ლუტვაკზე ვფიქრობ, მე ვფიქრობ ძლიერ ინტელექტუალზე, რომელიც მიდრეკილია კატეგორიული დასკვნებისკენ... მაგრამ ხანდახან იტაცებს სურვილი, შოკი მოჰგვაროს მსმენელებს. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ღირს მისთვის ყურის დაგდება”. რადიო თავისუფლების კითხვებზე რუსეთ-უკრაინის ომსა და რეგიონულ საფრთხეებთან დაკავშირებით ედვარდ ლუტვაკის ზოგიერთი პასუხი მართლაც პროვოკაციული, მაგრამ ყურადსაღებია. ვაჟა თავბერიძე მას პრაღიდან ესაუბრა.
პუტინს ან დააჯერეს, ან თავადვე ირწმუნა ომის მცდარი თეორია... პუტინი არ გაგიჟებულა - ის უბრალოდ დაეთანხმა კონსენსუსს, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლად გამოვიდოდა.
ახალი სამყარო, რომელიც 24 საათში შეიქმნა
რადიო თავისუფლება: ომით დავიწყოთ - დიდი სტრატეგიის (Grand Strategy) პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, რამ მიგვიყვანა ომამდე? შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან არიდება?
ედვარდ ლუტვაკი: [რეალურ] ომს წინ უძღოდა ინტელექტუალური ომი - კრემლში საზრდოობდნენ იდეით, რომ „დადგა რუსეთის იმპერიული აღორძინების დრო“. ეს უნდა ყოფილიყო შეუქცევადი პროცესი. სამხრეთი ოსეთი [თითქმის] თოფის გასროლის გარეშე ჩაიგდეს ხელში, აფხაზეთიც, სუსტი სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ დაპირისპირებაში. ამას მოჰყვა ყირიმის უსისხლოდ მოპოვება ბევრად უფრო დიდი, ტერიტორიულად ევროპის უდიდესი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირებაში. იმ ეტაპზე, კრემლი პოკერის ერთობ ფრთხილი მოთამაშე იყო. ასე რომ, პროფესიონალი პოკერის მოთამაშის გადმოსახედიდან, 24 თებერვალს ვიხილეთ ასეთი სურათი - ეს მანამდე ერთობ ფრთხილი მოთამაშე ადგა, მივიდა რულეტის მაგიდასთან და მთელი თავისი მონაპოვარი ერთ რიცხვზე „შეაგდო“. ერთი შეხედვით, ეს სიგიჟეა, მაგრამ აი, რა მოხდა სინამდვილეში: რუსეთის მთავრობას სჯეროდა - და ეს 100 პროცენტით ვიცით - რომ ეს ოპერაცია ისეთივე უსისხლო იქნებოდა, როგორც ოპერაცია „ყირიმი”, „აფხაზეთი” და „ოსეთი”. რუსული სცენარი იყო ასეთი: ვერტმფრენები ანტონოვის აეროპორტზე სადესანტო ჯგუფებს ჩამოსხამდნენ, რამდენიმე ასეულს, ისინი პერიმეტრს გაწმენდდნენ, შემდეგ IL-76-ები რამდენიმე ათას მებრძოლს გადმოსხამდნენ, და ჯავშანტრანსპორტიორები ადვილად გადასერავდნენ მანძილს ბელარუსიდან კიევამდე.
უკრაინელები მოიქცნენ როგორც პატრიოტი ევროპელები იარაღით ხელში.
შედეგი: ზელენსკი გარბის, მთავრობა იშლება, უკრაინის არმია ბრძოლაზე უარს აცხადებს. რუსული ტანკების ორმწკრივიანი, უზარმაზარი კოლონა ტრიუმფით შედის კიევში, რათა უკრაინელებმა და მთელმა მსოფლიომ თვალნათლივ იხილონ, რაოდენ უძლეველია რუსული არმია: თუ რაოდენ დიდი, ძლიერი და სწრაფია იგი. აი, ასეთი იყო სცენარი, რომელიც რუსმა გენერლებმა პუტინს „შეასაღეს“, ან ის უთხრეს, რისი გაგონებაც ამ უკანასკნელს სურდა და ითხოვდა. მათ ყველას ასე სურდათ. და ვინაიდან მათთვის უკრაინა ცალკე ქვეყნის ნაცვლად რუსეთის ნაწილად აღიქმებოდა, დაზვერვის „თემა“ „ეფესბეს” (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ჩაბარდა. მათ უნდა შეემოწმებინათ, რამდენად სარწმუნო იყო ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი გამოვიდოდა. მეტიც, პუტინმა იცოდა, რომ CIA (აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტო) ზუსტად იმავე პროგნოზს აძლევდა პრეზიდენტ ბაიდენს. სწორედ ამიტომ შესთავაზა ბაიდენმა ზელენსკის გაქცევა - „უბერის" გამოძახება“. მე მქონდა ინფორმაცია „ეფესბეს” და CIA-ს ამ პროგნოზების შესახებ, და ვთვლიდი, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი პროგნოზი იყო. შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ, რომ ომამდე დავწერე ტვიტერზე - ვიღაც აპირებს ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის ძალიან პატარა არმიით დაპყრობას. და მათ ეს არ გამოუვათ.
უზარმაზარი ჩინეთი, როგორც გაირკვა, იმდენადვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე მოვლენებში, როგორსაც სან მარინო.
ეს ილუზია, რომელსაც ერთნაირად იზიარებდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში, ეყრდნობოდა ომის შესახებ ე.წ. ახალ იდეებს. ისინი იყენებენ სხვადასხვა ტერმინს: მეოთხე თაობის ომი, ჰიბრიდული ომი, მაღალტექნოლოგიური ომი... არაკინეტიკური ომი - აი, ტერმინი, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს. კინეტიკური ნიშნავს, რომ ერთმანეთს ისევ ტყვიებს ვესვრით - აქილევსის მიერ შუბის ტყორცნა - ეს კინეტიკური ომია. და ომის ე.წ. მგეგმავებს შორის, როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, არსებობდა მოსაზრება, რომ დღეს არაკინეტიკური ომის ხანაში ვართ, რომ კინეტიკური ომი მოძველდა, ძველმოდურია, დღეს ხომ ხელოვნური ინტელექტი გვაქვს და ა.შ. ერთი სიტყვით, პუტინს ან დააჯერეს, ან მან თავადვე ირწმუნა ომის მცდარი თეორია.
ყველა იმ გენერალს, რომელიც ამ თეორიას ქადაგებდა, იქნებოდა ეს რუსი თუ ამერიკელი, მკერდი დამშვენებული აქვთ მედლებით, რომლებიც მოიპოვეს სირიელებთან, ერაყელებთან, ავღანელებთან ბრძოლებში. ისინი შეჩვეულები იყვნენ ცუდად შეიარაღებულ ხალხთან ბრძოლას, ან ბრძოლებს, სადაც ერთი ათზე იყო უპირატესობა მათ სასარგებლოდ. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ რა შეუძლიათ პატრიოტული სულისკვეთების მქონე ევროპელებს იარაღით ხელში - ეს კი სწორედ ისაა, რასაც დღეს ვხედავთ. პუტინი, პოკერის ეს ფრთხილი მოთამაშე, არ გაგიჟებულა - ის უბრალოდ შეუერთდა იმ კონსენსუსს, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლად გამოვიდოდა. და უკვე 25 თებერვალს, მე ვთქვი - მორჩა, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. და ამ მომენტიდან მოყოლებული, საუკეთესო ნაბიჯი, რაც რუსეთს შეეძლო გადაედგა, იყო ჯარების უკან გამოყვანა და ამ ყველაფრის „ინციდენტად“ მონათვლა. ასე რომ ექნათ, სანქციები არ დაატყდებოდათ თავს. ეს არის კაზუსი, როდესაც დაზვერვის იაღლიშმა მოსპო ე.წ. შეკავების ელემენტი და ფაქტორი, თანაც ორივე დაპირისპირებული მხარისთვის.
წაყრო: რადიო თავისუფლება