ბიძინა გიორგობიანი ოპოზიციაზე: იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ გარედან მიღებული შეკვეთების შესრულებით და საქართველოში დესტაბილიზაციის, რევოლუციის და რაღაც სისხლიანი გადატრიალების მოწოდებით ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ

ბიძინა გიორგობიანი

ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის არჩევნებისთვის, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“. მან აღნიშნა, რომ მისი პარტია სწორედ ამას აკეთებს და ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ოფისებს აქტიურად ხსნის.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვადამდელი არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის. ნახეთ, რაც გააკეთეს სასოწარკვეთაში ჩავარდნილმა ოპოზიციად წოდებულმა ჯგუფებმა წინა არჩევნების შემდეგ - 40 მანდატზე მეტი მოისროლეს ისე, რომ თავისი ამომრჩევლის ნება უგულებელყვეს და არ შევიდნენ პარლამენტში რევოლუციის იმედად. ახლა ისინი ებღაუჭებიან რაღაც ხავსს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და რიგგარეშე არჩევნებში რამეს მიაღწევენ. რიგგარეშე არჩევნებში რას უნდა მიაღწიონ? რიგით არჩევნებში ვერ აღწევენ ვერაფერს უკვე რამდენიმე წელია. ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ გარედან მიღებული შეკვეთების შესრულებით და საქართველოში დესტაბილიზაციის, რევოლუციის და რაღაც სისხლიანი გადატრიალების მოწოდებითა და იმედით ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ. გამორიცხულია“, - აცხადებს გიორგობიანი.