თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

თეა წულუკიანი

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.

ის გორში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა „საზარელი სანახავი იყო“.

„მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს, ასეთია 99%-ზე მეტი და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, მინდა, მოვუწოდო სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და მათი აზრით, თქვენ უნდა დაზიანდეთ. გაუხარდათ გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, [მინდა] ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო, ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.