ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს

ავთანდილ თალაკვაძე

რა სიყალბეა, როცა თავისი არსით და „მოღვაწეობით“ ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ სხვისკენ იშვერს ხელს, - ამ შინაარსის განცხადებას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს.

„დიახ, პრემიერ მინისტრის და მთავრობის მხარდაჭერით ოზურგეთში დიდი პროექტები დავიწყეთ. დიახ, ოზურგეთი აუცილებლად იქნება ევროპული ქალაქი, სადაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდება საცხოვრებლად. დიახ, ევროკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს. 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და ევროპულ ფასეულობებს. არც ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს გაგეგებოდათ ამის შესახებ ნაცებს და არც ახლა გესმით სახელმწიფოებრივი აზროვნების და მოქმედების არსი. 

თქვენი პარტია, წლიდან წლამდე ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს „დასავლეთმა საქართველო მიატოვა“ - ამავდროულად კი თქვენივე აქაურ სოლისტს დღეს წამოსცდა, ევროკავშირმა უპრეცედენტოდ გაზარდა ხელისუფლების და ოზურგეთის მხარდაჭერაო. იმედი მაქვს, ამ წამოცდენისთვის მკაცრად არ მოექცევით. 

სჯობს, ხალხს ჰკითხეთ, ამ რამდენიმე ადამიანის აზრს მოკლებული წივილ-კივილის უფრო სჯერა თუ საკუთარი თვალების - ხედავენ რაც კეთდება, იციან, რა გეგმები გვაქვს და სანამ თქვენი პარტაქტივი უსაქმურობს, ჩვენ ოზურგეთის უკეთეს მომავალს ვაშენებთ,“- წერს თალაკვაძე.