1740399858
"აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია - ომის შეწყვეტის საკითხს ყველა დონეზე სჭირდება მხარდაჭერა" - ირაკლი ქადაგიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
"ზოგადად, ომის დაწყვების წინა პერიოდიდან დღემდე გვესმის, რომ ის, ვინც მშვიდობის მომხრეა, ის რატომღაც მშვიდობის მომხრეა და ვინც, ომის მომხრეა, ის რუსეთის წინააღმდეგ არის.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმიტომ, რომ საერთოდ ტენდენცია იქითკენ, რომ ეს ომი შეწყდეს, ამ ტენდენციას ყველა დონეზე სჭირდება მხარდაჭერა.
უნდა განვსაზღვროთ, რა არის მიზანი ამა თუ იმ რეზოლუციისა. თუ რეზოლუციის მიზანი არ ის, რომ მოლაპარაკებების დაწყებას და ცეცხლის შეწყვეტას ხელი შევუშალოთ, მაშინ კიდევ უფრო მეტის ჩაწერაც შეგვიძლია მანდ. მაგრამ თუ მიზანი არის ის, რომ რამენაირად შეიქმნას ის გარემო, რომ დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა მაინც იქნას მიღწეული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მკვეთრი განცხადებები ნაკლებად უწყობს ხელს ამ მიზნის მიღწევას," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკრაინის საკითხზე ამერიკის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო, ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდნენ.
The Wall Street Journal ინფორმაციით, ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს. ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის ვინ დაიწყო ომი, არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დასრულებაზე.
უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ვაშინგტონი კი, მოუწოდებს კიევს გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას. ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.