არჩილ გორდულაძე უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის დარეგულირებაზე: კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს, ასე არ შეიძლება, რომ თანხები ისხმებოდეს ძალადობების დაორგანიზებაში ჩვენს ქვეყანაში

არჩილ გორდულაძე

 კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს, ასე არ შეიძლება, რომ თანხები ისხმებოდეს ძალადობების დაორგანიზებაში ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დონორებისგან გრანტების მიღების წესს არეგულირებს.

მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალებების მოწყობას ცდილობენ.

„გრანტებზე, რომლებიც უცხოეთიდან, საერთაშორისო ორგანიზაციიდან თუ დაწესებულებიდან ჩვენს ქვეყანაში ჩაირიცხება, ან ვინმეს აქვს სურვილი, რომ გრანტი შემოიტანოს, მთავრობის ან მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანხმობა იქნება აუცილებელი.

კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს, ასე არ შეიძლება, რომ თანხები ისხმებოდეს ძალადობების დაორგანიზებაში ჩვენს ქვეყანაში. იმ ადამიანების, ორგანიზაციების წინააღმდეგ არის კანონპროექტები შემოთავაზებული, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შეეცადონ, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალებები მოაწყონ, ძალადობრივი აქციები დააორგანიზონ და მართონ. ნამდვილად მათ წინააღმდეგ იქნება მიღებული გრანტების შესახებ კანონში და სხვა კანონებში განხორციელებული ცვლილებები”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი კანონმდებლობით დარეგულირდება. შესაბამისი ცვლილებები მმართველი გუნდის ინიციირებულია. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესების დაცვას და სტაბილურობას. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით, სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის, მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.